„იუვენტუსმა“ ტიაგო მოტა დაითხოვა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ ტიაგო მოტა დაითხოვა #1TVSPORT

ტიაგო მოტა განთავისუფლებულია „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. 24 მარტიდან გუნდს უხელმძღვანელებს იგორ ტუდორი, – წერია ტურინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

42 წლის მოტა „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად 2024 წლის ზაფხულში დანიშნეს. 29 ტურის შემდეგ კლუბი სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

46 წლის ტუდორი ანდრეა პირლოს ასისტენტად მუშაობდა „იუვენტუსში“ 2020-21 წლებში. ამის შემდეგ ხორვატი სპეციალისტი წვრთნიდა „ვერონას“, „მარსელსა“ და „ლაციოს“, რომელიც 2024 წლის ივნისში დატოვა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცნობილი გახდა ტიაგო მოტასა და „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის შორის კონფლიქტის დეტალები.

ჯუნტოლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მოტას „ფიორენტინასთან“ (0:3) წაგების შემდეგ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. La Gazzetta dello Sport-ის მონაცემებით, ჯუნტოლი და ტიაგო მოტა რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. მათთან ერთად იყო კლუბის გენერალური დირექტორი მაურიციო სკანავინო. შეხვედრამ იმდენად ცუდად ჩაიარა, რომ ჯუნტოლიმ მოტას უთხრა: „მრცხვენია, რომ შენ აგირჩიე“.

ეს იყო მცდელობა, რომ ებიძგათ, ტიაგო მოტა თავად გადამდგარიყო პოსტიდან, რათა კლუბს ფული დაეზოგა, რომელიც „იუვენტუსმა“ უნდა გადაიხადოს კონტრაქტის გაწყვეტისთვის. იტალიური პრესის ინფორმაციით, ლაპარაკია 20 მილიონ ევროზე.