„იუვენტუსმა“, „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ახალი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით #1TVSPORT
„იუვენტუსმა“, „რეალმა“ და „ბარსელონამ“ ახალი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ახალი საკლუბო ტურნირის – სუპერლიგის შექმნას ეხება.

„ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „რეალი“ სიამოვნებით იღებენ მადრიდული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს უეფა-ს შეწყვიტოს მოქმედებები სუპერლიგის კლუბების წინააღმდეგ. მათ შორის, ეს ეხება დისციპლინარულ გარჩევებს ნახსენები სამი კლუბის მიმართ და ჯარიმებისა და შეზღუდვების მოხსნას დანარჩენი ცხრა კლუბისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ მომდევნო სასამართლო გარჩევები.

ტრიბუნალმა მიიღო სუპერლიგის დამფუძნებელთა თხოვნა, უარყო უეფა-ს აპელაცია და დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, მას დაეკისრება ჯარიმა და პასუხისმგებლობა, როგორც დამრღვევ მხარეს. მომავალში საქმეს განიხილავს ევროსაბჭოს სასამართლო, რომელიც შეისწავლის ევროპულ ფეხბურთში უეფა-ს მონოპოლიას და შეფასებას მისცემს მომხდარ და მიმდინარე ამბებს.

ჩვენი ვალია – გადავჭრათ სერიოზული პრობლემები და ამოცანები, რომელიც ფეხბურთის წინაშე დგას. უეფა-მ საკუთარი თავი კანონმდებლად და ევროპული ტურნირების ჩატარებაზე უფლებების ერთადერთ აღიარებულ მფლობელად გამოაცხადა. ეს მონოპოლისტური და წინააღმდეგობრივი პოზიცია ზიანს აყენებს ფეხბურთს, არღვევს თანასწორობას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში არსებობდა.

არაერთხელ გამოჩნდა, რომ ევროპულ ფეხბურთში ფინანსური კონტროლი არაადეკვატურია და ის არასწორად გამოიყენებოდა. კლუბებს, რომლებიც მონაწილეობენ ევროპულ ტურნირებში, გარანტირებული უნდა ჰქონდეთ შეჯიბრების მართვა, ახალი პარტნიორებისა და სპონსორების განსაზღვრა.

მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან აღარ იქნება უეფა-ს მხრიდან ჩვენს მიმართ მუქარა. ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ კონსტრუქციულად და ერთობლივად გავაგრძელოთ სუპერლიგის პროექტი და ვიმედოვნებთ ამ საქმეში შეტანილ წვლილს ყველა დაინტერესებული მხარისგან: გულშემატკივრები, მოთამაშეები, მწვრთნელები, კლუბები, ეროვნული და საერთაშორისო ლიგები და ფედერაციები.

ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი წინადადების ზოგიერთი ელემენტი უნდა გადაიხედოს და, რა თქმა უნდა, მათი რეალიზება უნდა მოხდეს დიალოგისა და კონსენსუსის საფუძველზე. კვლავინდებურად დარწმუნებულნი ვართ პროექტის წარმატებაში, რომელიც ყოველთვის შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე უეფა დიდძალი ჯარიმებითა და საკუთარი ტურნირებიდან გარიცხვით ემუქრებოდა კლუბებს. ანალოგიურ სანქციებს მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა ფედერაციებმა. თავდაპირველად, სუპერლიგის დამფუძნებელ კლუბებს შორის უყვნენ: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი’, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“, მაგრამ, მოგვიანებით, ცხრა კლუბმა უარი თქვა სუპერლიგაში თამაშზე სანქციების შიშითა და გულშემატკივართა უკმაყოფილების გამო.