იუვენტუსმა ისევ კინის გოლით მოიგო (ვიდეო)
იუვენტუსმა ისევ კინის გოლით მოიგო (ვიდეო)

იუვენტუსმა მორიგი მატჩი ჩაატარა კრიშტიანო რონალდოს გარეშე და ისევ თამაშის მიწურულს გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. ამჯერად ასე მოხდა პრინციპული მეტოქის, მილანის წინააღმდეგ შეხვედრაში. ტურინელები მხოლოდ კშიშტოფ პიონტეკის გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ, რომელიც ლეონარდო ბონუჩის შეცდომას მოჰყვა. ეს პოლონელის მეცხრე გოლია მილანის მაისურით 13 მატჩში.

შესვენების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მოუმატა და პაულო დიბალას პენალტით გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი ჩემპიონატში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა მოიზე კინმა. 19 წლის ფორვარდმა მირალემ პიანიჩის იდეალური პასი გამოიყენა. იტალიის ნაკრების ფორვარდს ყოველ 47 წუთში გააქვს გოლი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში.

იუვენტუსმა 21 ქულით გაუსწრო ნაპოლის და თუ კვირას ნეაპოლელები წააგებენ ჯენოასთან, ტურინული კლუბი ოფიციალურად გახდება იტალიის ჩემპიონი.