„იუვენტუსმა“ ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაუშვა ოთხი გოლი
„იუვენტუსმა“ ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გაუშვა ოთხი გოლი

სერია A-ს 31-ე ტურში „მილანმა“ საკუთარ მოედანზე მიიღო ტურინის „იუვენტუსი“. ჩემპიონატის ლიდერმა სეზონში მეოთხე მარცხი იწვნია იმის მიუხედავად, რომ 62-ე წუთისთვის ადრიენ რაბიოსა და კრიშტიანო რონალდოს გოლებით 2:0-ს იგებდა.

ორი ბურთით ჩამორჩენის შემდეგ, „მილანმა“ ხუთი წუთში სამი გოლი გაუტანა „იუვენტუსს“ – თავი გამოიჩინეს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (პენალტით), ფრანკ კესიემ და რაფაელ ლეაომ. მეოთხე ბურთი მე-80 წუთზე ანტე რებიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4-2.

ტურინულმა კლუბმა შეწყვიტა იტალიის ჩემპიონატში შვიდმატჩიანი მოგებათა სერია. გარდა ამისა, „იუვენტუსმა“ პირველად 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, ოთხი გოლი გაუშვა სერია A-ს მატჩში. მაშინ ტურინელებმა „ფიორენტინასთან“ ასევე 2:4 წააგეს.

მარცხის მიუხედავად, „იუვენტუსმა“ შეინარჩუნა „ლაციოსთან“ შვიდქულიანი უპირატესობა, რადგან რომაულმა კლუბმა მანამდე 1:2 წააგო „ლეჩესთან“.

„იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას 11 ივლისს ჩაატარებს, როცა შინ მიიღებს „ატალანტას“.