„იუვენტუსის“ წაგების შემდეგ ევროპის TOP 10 ეროვნულ ჩემპიონატებში მხოლოდ ორი გუნდია დაუმარცხებელი #1TVSPORT
გასულ უქმეებზე ტურინის „იუვენტუსმა“ პირველად წააგო ამ სეზონში სერია A-ში – ტიაგო მოტას გუნდი 1:2 დამარცხდა „ნაპოლისთან“. ეს იყო „ბიანკონერის“ პირველი მარცხი იტალიის ჩემპიონატში ბოლო 10 თვის განმავლობაში.
ასე რომ, ახლა TOP 10 ქვეყნების ჩემპიონატებში მხოლოდ ორ გუნდს არ აქვს წაგება მიმდინარე სეზონში. ესენი არიან „პარი სენ-ჟერმენი“ და „გალათასარაი“.
პსჟ-ს ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ 14 მოგება და 5 ფრე აქვს და პირველ ადგილზეა 10-ქულიანი უპირატესობით.
თურქეთის სუპერლიგაში „გალათასარაიმ“ 20 ტურში 17 მატჩი მოიგო და სამი ფრედ დაასრულა. გუნდი ლიდერობს ჩემპიონატს და მეორეადგილოსან „ფენერბახჩეს“ ექვსი ქულით ასწრებს.