„იუვენტუსი“ ზედიზედ მეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი
„იუვენტუსი“ ზედიზედ მეცხრედ გახდა იტალიის ჩემპიონი

ტურინის „იუვენტუსმა სერია A-ს 36-ე ტურში ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონობა. მაურიციო სარის გუნდმა შინ 2:0 მოუგო „სამპდორიას“, უახლოეს მდევარს შვიდი ქულით დაშორდა და კონკურენტებს დაწევის თეორიული შანსიც არ დაუტოვა.

„იუვენტუსისთვის“ ეს არის ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობა, სულ კი ტურინულმა კლუბმა 36-ედ მოიგო ტიტული. „იუვეს“ არსებობის ისტორიაში იმდენი „სკუდეტო“ აქვს, რამდენიც „ინტერსა“ და „მილანს“ (18-18) ერთად აღებული.

მაურიციო სარისთვის ეს არის პირველი ტიტული „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. მანამდე, 61 წლის სპეციალისტმა წააგო იტალიის სუპერთასისა და თასის ფინალები.