„იუვენტუსი“ რემზის ტრანსფერზე დააყენებს
„იუვენტუსი“ რემზის ტრანსფერზე დააყენებს

რამდენიმე იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ მზად არის, გაყიდოს ნახევარმცველი აარონ რემზი, რათა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს.

იტყობინებიან, რომ ორმა ინგლისურმა ტოპ-კლუბმა უკვე გამოთქვა ინტერესი 29 წლის უელსელის მიმართ.

რემზი „იუვენტუსში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა „არსენალთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თუმცა თავისი თამაშით ვერ მოხიბლა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი და ვერ მოიკიდა ფეხი ძირითად შემადგენლობაში.

ამის გამო, კლუბის ხელმძღვანელობას ეჭვი ეპარება, რომ ღირს ფეხბურთელის შენარჩუნება, რომლის ხელფასი წელიწადში 8 მილიონ ევროს უდრის.

რემზის მიმდინარე კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ნახევარმცველმა 24 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.