იუვენტუსი მაროტას დაემშვიდობა
იუვენტუსი მაროტას დაემშვიდობა

ჯუზეპე მაროტას „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მისი კონტრაქტი ოფიციალურად 25 ოქტომბერს ამოიწურა. შესაბამისად, უკვე დღეიდან, მაროტა გუნდში აღარ მუშაობს.

„ბებერი ქალბატონი“ მაროტას ოფიციალური განცხადებით დაემშვიდობა:

„2010 წლის 1 ივნისი იყო, როდესაც ჯუზეპე მაროტა დაინიშნა „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის პოსტზე. ცოტა ხანში ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
„იუვენტუსმა“ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია მის ხელში: ზედიზედ შვიდჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ – იტალიის თასი, სამჯერ – იტალიის სუპერთასი. მაგრამ, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ საერთაშორისო დონეზე დაიბრუნა თავისი ავტორიტეტი და სამი წლის ინტერვალში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

2011 წელს გაიხსნა „ალიანც სთედიუმი“, დაარსდა „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი, რომელმაც მაშინვე მოიპოვა გამარჯვება და ჩამოყალიბდა „იუვენტუსის“ 23-წლამდელთა გუნდი, რომელიც პროფესიულ ფეხბურთში ასპარეზობს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მაროტას სახელთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც მის გვერდით მუშაობდნენ. მადლობა ყველაფრისთვის დირექტორო!“, – ასე დაემშვიდობა „იუვე“ მაროტას.