ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზაფხულის მთავარი ტრანსფერი უკვე განხორციელდა. ენტონი დევისი „ლეიკერსის“ კალათბურთელი გახდა და ლებრონ ჯეიმსს შეუერთდა. რა თქმა უნდა, ამ გაცვლას ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამერიკულ მედიაში, თუმცა ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ ბევრი სიახლე იქნება.
„მემფისმა“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს მარკ გასოლი „ტორონტოში“ იონას ვალანჩუნასის სანაცვლოდ გაცვალა. როგორც ჩანს, „გრიზლისი“ კიდევ ერთ ლიდერს დაემშვიდობება. ადგილობრივი მედია სულ უფრო ხშირად წერს მაიკ კონლის გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით. კონლის გადაბირების მთავარი კანდიდატი ჯერჯერობით „იუტაა“. „ჯაზს“ გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერება ესაჭიროება. რიკი რუბიო სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება და სავარაუდოდ გუნდს შეიცვლის. „ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ორ გუნდს შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და შესაძლოა შეთანხმება 2019 წლის დრაფტის დაწყებამდე იქნას მიღწეული.