იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდაზე რეგისტრაცია 20-დან 31 მაისის ჩათვლით იწარმოებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას 8 და 15 ივნისს ჩაატარებს. გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს და სახელმწიფო ენას ფლობს.
გასულ წელს დამტკიცებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის მიხედვით უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება: პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტი და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია; პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში; პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.