იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი გასაუბრება მიმდინარეობს.
საბჭო 121 კანდიდატთან გასაუბრებას დაახლოებით, ერთი კვირის ვადაში გეგმავს. დღეს კი, გასაუბრების პროცესს 18 მსურველი გაივლის.
ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ამ ეტაპზე არაუმეტეს 20 მსმენელის მიღების შესაძლებლობა აქვს. როგორც საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, კანდიდატებთან გასაუბრება დახურულ რეჟიმში წარიმართება,
„დღეს დაბარებულია სულ 18 კანდიდატი, დაახლოებით 7- 8 დღის განმავლობაში წარიმართება გასაუბრების პროცესი, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდება იქიდან გამომდინარე, რომ სხდომაზე იხილება პერსონალური მონაცემები. საბჭო გაესაუბრება ყველა კანდიდატს და შემდგომ ღია კენჭისყრით გადაწყდება, რამდენი მსმენელი ჩაირიცხება სკოლაში“,-განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა კანდიდატების გასაუბრების შედეგები ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი. შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.