იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღესაც გაგრძელდება. დეპუტატები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძეს მოუსმენენ. დეპუტატებს ძირითადად კითხვები მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.

„ჩვენ თითოეულ კანდიდატთან გვაქვს შეკითხვები მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობიდან, მათთან მიმართებაში საზოგადოებაში არსებული შეკითხვები, თუ ასეთი არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნებისმიერ კანდიდატთან მიმართებით, შესაძლებელია, იყოს კრიტიკული შეკითხვები. ეს არის ბუნებრივი პროცესი და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ის შეკითხვა, რომელიც არის საზოგადოებაში, რომელიც არსებობს პარლამენტში, აქვს პარლამენტის წევრს ან ვინმე სხვას, დავსვათ და მოვითხოვოთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ კანდიდატის შესახებ, რამაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, შემდგომ მივიღოთ შესაბამისი ადეკვატური გადაწყვეტილება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ საკანონმდებლო ორგანოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძეს მოუსმინეს.