იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავდნენ, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ეხებოდა.

კამათი ვანო ზარდიაშვილის მიერ დასმულ კითხვებს მოჰყვა. როდესაც ოთარ კახიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობდა, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა გაახსენა პერიოდი, როდესაც კახიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ჰკითხა, იმ პერიოდში თუ აძლევდნენ დავალებებს მოსამართლეებს და კონკრეტულად, თუ შეეძლო დაესახელებინა პირი, რომელიც სასამართლოს დავალებებს აძლევდა.

„პერსონა, რომელიც კონკრეტულ დავალებებს აძლევს სასამართლოს ჩემთვის უცნობია“, – უპასუხა კახიძემ, რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა მიმართა დეპუტატს, თუ რატომ უნდა ენდოს საზოგადოება ოთარ კახიძეს, როდესაც მან სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები არ იცის.

„ასეთ შემთხვევაში, რა ლოგიკით საუბრობ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, როცა ავტორიტეტული ფრანგული ორგანიზაცია გიდებს აბსოლუტურად სხვა დასკვნას, მაგრამ რატომღაც შენ მოუწოდებ საზოგადოებას, რომ ფრანგულ ორგანიზაციას კი არ დაუჯერონ, არამედ დაუჯერონ ოთარ კახიძეს. ე.ი. რა გამოვიდა, შენ ამბობ, რომ ზეწოლა იყო სასამართლოზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ვერ სცემ კითხვას პასუხს, ვისგან იყო ზეწოლა, არ იცის ვინ იყო, შენ ან საზოგადოებას ატყუებ, ან მალავ რაღაცას“, – მიმართა ზარდიაშვილმა, ოთარ კახიძეს.

ზარდიაშვილის საპასუხო განცხადებები გააკეთა ოთარ კახიძემ და დეპუტატებს შორის კამათი გაგრძელდა.

„კონკრეტული ინფორმაცია ვინმე დავალებას როგორ აძლევდა, ეს ჩემამდე არ მოსულა და მიუხედავად ჩემი თანამდებობისა, ამ საკითხებთან შეხება არ მქონია. ვანო, მე მახსოვს, რომ შენ აპროტესტებდი იმ ძალიან მძიმე ვითარებას, როდესაც პროკურატურაში მუშაობდი. ყელში ამოვიდა ეს მორალის კითხვა. სახელი და გვარი რომ ვთქვა, უნდა ვიცოდე კონკრეტული პირი, ვინც აძლევდა დავალებებს. მაშინ, როდესაც პროკურატურაში ტარდებოდა სამართლებრივი წერის ტრენინგები, პროკურორები წერდნენ ბრალის დადგენილებებს, მე ამას ვასწორებდი და იყო გამოცდის შედეგები. როცა საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა გავაკეთეთ შემდეგ გვეძლეოდა შესაძლებლობა, გვენახა როგორ წერდნენ იგივე დადგენილებებს სასამართლოში. ეს იყო კატასტროფული მდგომარეობა. ვანო, შენი მხრიდან რომ ამაზე აქტიურობ, არის არასწორი. პროკურორები წერდნენ გამოცდისთვის წესიერად და სასამართლოში მათ მიერ გაგზავნილი დოკუმენტები ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას, რადგან სასამართლოში შენი ჯგუფი, რომელიც არის და იცი რომელ ჯგუფსაც ვგულისხმობ, მზად იყო, ნებისმიერი შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. კონკრეტულად, ვისი დავალება იყო შინაურულად შეგიძლია კითხო მიხეილ ჩინჩალაძეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამ ბრალდებებზე საპასუხოდ ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამ პერიოდში უკვე მერიაში მუშაობდა მათ შორის ირაკლი აბესაძესთან ერთად. ხოლო განცხადებები, რომელსაც კახიძე აკეთებს, არის სიცრუე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ კახიძეს ჰკითხა, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, რა პოზიციაზე მუშაობდა მაშინ ვანო ზარდიაშვილი, კახიძემ ეს არ დააკონკრეტა.