პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას „ევროპულმა საქართველომ“ ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციის შესრულების შესახებ დადგენილების განხილვა მოითხოვა. ოპოზიციონერი დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, დღის წესრიგში რატომ არ იყო შეტანილი დადგენილების პროექტი, რომელიც რეკომენდაციების გაცემას ეხება.
„ეს თქვენს დამოკიდებულებაზე მიანიშნებს, თუ რა ხდება?“, – აღნიშნა კახიძემ, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ეკა ბესელიას განმარტებით, დოკუმენტის განხილვის ვადები ბიურომ დააწესა, რომელიც 5 თებერვალია.
„ვადებს არ ვარღვევთ, რადგან სპეციალისტებს რამდენიმე დღე უნდა ჰქონდეთ, რომ დოკუმენტი მოამზადონ. ეს ელემენტარული წესია. საკითხის მოუმზადებლად გამოტანა სწორი, მართებული არ არის. დღის წესრიგში რატომ უნდა იყოს, არ მესმის. საკითხი რომ აქტუალურია, ვიცით. ფორმატი შედგება, რაც რეკომენდაციების განხილვას გულისხმობს. დამოკიდებულების ხაზგასმა საჭირო არ არის“, – მიმართა კახიძეს ბესელიამ.
თავის მხრივ, კახიძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ტყის კოდექსის“ განხილვა ხდება, რომელზეც ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაჩქარებული წესით არ განხილულიყო.
„ამის მიუხედავად, მისი განხილვა თუ მოხერხდა, დადგენილების ჩასმა რატომ ვერ მოხდა“, – მიმართა ბესელიას კახიძემ. ბესელიამ განმარტა, რომ „ტყის კოდექსის“ განხილვა სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად განხილვა უნდა მომხდარიყო, რადგან ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სავალდებულო კომიტეტების მხრიდან მისი განხილვა მალე მოხდებოდა.
ბიუროზე შევთანხმდით, რომ წამყვან კომიტეტს არ დავაყოვნებდით, რადგან ეს ტექნიკური საკითხია. „დადგენილებაზე წამყვანი კომიტეტი ვართ და პარალელის გავლება კორექტული არ იქნებოდა. პოლიტიკურ დებატებში ნუ გადავალთ“, – აღნიშნა ბესელიამ.
კახიძე-ბესელიას კამათში ირაკლი აბესაძე და ანრი ოხანაშვილი ჩაერთნენ. აბესაძის თქმით, ვადები არ კრძალავდა, რომ დადგენილებაზე ემსჯელათ.
„დადგენილების შესწავლაში სირთულე არაფერია. მისი განხილვა საჩქაროა, როცა კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ და აქცია მიმდინარეობს. შეგეძლოთ, დადგენილებაზე გემსჯელათ. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ არ გვემსჯელა, ეს არის დამოკიდებულება“, – განაცხადა აბესაძემ. ბესელიამ აბესაძეს მოუწოდა, დემაგოგია შეეწყიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიკროფონს გამოურთავდა.
„წესები დავიცვათ. დამშვიდდით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. იმაზე უფრო ადრე განვიხილავთ, ვიდრე ვადაში წერია“, – მიმართა აბესაძეს ბესელიამ. ბესელიას მსგავსად, ანრი ოხანაშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებდნენ.
„ჩვენს მიერ ეს ყველაფერი რეზოლუციაში დაფიქსირებულია. ლოგიკა იმის, რომ ეს საკითხი არ განვიხილოთ, ტყუილია, რადგან ჩვენს მიერ არის ის საკითხები დაყენებული, რომელზეც თქვენ საუბრობთ. შს მინისტრიც მზად არის მოსვლისთვის. მოდი რა, დამშვიდდი. გამოძიებით კმაყოფილი რომ არ ვართ, რეზოლუცია ამიტომ მივიღეთ და დავალება გავეცით, რომ ეს საკითხები უნდა შესრულდეს, გასაქცევი არსად არაა, რა ხდება და გამოძიება როგორ მიმდინარეობს, ამაზე პასუხის გაცემა ყველას მოუწევს. ისედაც დაზიანებული გუნდი ხართ, პოლიტიკური ჩახუტება გამოაცხადეთ და დამშვიდდით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.