იური ტაბატაძემ „კადისში“ მეორე მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

იური ტაბატაძემ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში თამაში შესანიშნავად დაიწყო – პირველ მატჩში სადებიუტო გოლის შემდეგ, მეორე შეხვედრაში დუბლი შეასრულა და „კადისის“ მიერ სტუმრად „რეალ სოსიედად B“-სთან ქულის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა – 3:3.

ლა ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში „იბერიის“ ყოფილი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 55-ე წუთზე შევიდა და მატჩის გმირი გახდა. ბასკები 3:1-ს იგებდნენ, როდესაც ტაბატაძემ 77-ე წუთზე ჯერ შესანიშნავი დარტყმით სხვაობა შეამცირა, ორ წუთში კი საჯარიმოში ორ მცველს აჯობა და რთული პოზიციიდან ანგარიში გაათანაბრა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში 8.2 ქულით შეაფასეს, რაც ორივე გუნდში საუკეთესო აღმოჩნდა და იური ტაბატაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ მის ანგარიშზე 2 მატჩში 3 გოლია, რაც შესანიშნავი დასაწყისია.