იური ტაბატაძე კარიერას ესპანურ „კადისში“ გააგრძელებს - „იბერიამ“ ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
იური ტაბატაძე კარიერას ესპანურ „კადისში“ გააგრძელებს - „იბერიამ“ ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

იური ტაბატაძე კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდ „კადისში“ გააგრძელებს, – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო კლუბმა „იბერიამ“ დაადასტურა.

Geo Team-ის ცნობით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ერთ-ერთმა ლიდერმა ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„იბერიის“ 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ეროვნულ ლიგაში გამართული 22 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავის ლიდერია. ტაბატაძემ 20 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

კლუბის სურვილი იყო მისი შენარჩუნება, თუმცა თავად ფეხბურთელს არ სურდა, ასეთი შანსი ხელიდან გაეშვა. საბოლოოდ, „იბერიაში“ გადაწყდა, რომ მოთამაშის ნების წინააღმდეგ არ წასულიყვნენ.

„კადისი“ 1910 წელს დაარსდა. კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდად 1980-1990-იანი წლები ითვლება, როდესაც ის ლა ლიგაში რეგულარულად თამაშობდა. საუკეთესო შედეგია მე-12 ადგილი 1987/88 და 2020/21 წლების სეზონებში.