იური ტაბატაძე – ეროვნული ლიგის ბომბარდირობა მსურდა, მაგრამ „კადისის“ წინადადებაზე არც დავფიქრებულვარ #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ ყოფილი შემტევი იური ტაბატაძე კარიერას ესპანეთის „კადისში“ აგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა. წარმატებულ დასაწყისზე, ახალ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ტაბატაძემ თბილისური კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.
„ახალ გუნდში ადაპტაცია ძალიან მარტივად გავიარე. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელები თბილად დამხვდნენ, რამაც გარემოსთან შეგუება მნიშვნელოვნად გამიმარტივა. აქ ხალხს ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვარს.
ეროვნულ ლიგაში, როგორც „იბერიისთვის“, ასევე ჩემთვისაც ყველაფერი კარგად მიდიოდა. თავიდანვე მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოდით. პირადად ჩემთვის კი მთავარი მიზანი იყო, 2025 წლის სეზონის ბომბარდირი გავმხდარიყავი და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მომეპოვებინა. თუმცა როდესაც „კადისისგან“ შეთავაზება მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ – ესპანეთში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მით უმეტეს, ასეთ ისტორიულ კლუბში.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი სურვილი საკმარისი არ იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „იბერიის“ პრეზიდენტს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს და ვიცე-პრეზიდენტ დავით ხეჩიკაშვილს, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩემი სურვილი და დამეხმარნენ, რომ ეს ტრანსფერი წარმატებით დასრულებულიყო. „იბერია“ ჩემი სახლია – როგორც ფეხბურთელად, ასევე ადამიანად სწორედ ამ გუნდში ჩამოვყალიბდი და მუდამ სიამაყით ვიტყვი, რომ მთელი ჩემი კარიერა „იბერიას“ უკავშირდება.
ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ლა ლიგა 2-ში მიღებული გამოცდილება მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებაში დამეხმარება და რაც ყველაზე მთავარია, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები ჩემს ოცნებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშს“, – განაცხადა ტაბატაძემ.