იური სიომინი - კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მშვენებაა, ნეტავ ასეთი ბევრი იყოს #1TVSPORT
იური სიომინი - კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მშვენებაა, ნეტავ ასეთი ბევრი იყოს #1TVSPORT

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ზედიზედ მეორედ რუსეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ხვიჩა ძალიან სტაბილურია. მან ეს ჯილდო დამსახურებულად მოიგო. კვარაცხელია ძალიან კაშკაშა ფეხბურთელია, მაგრამ საკითხავია – სად არიან სხვები? ლიგისთვის არც თუ ისე კარგია, რომ ახალი ტალანტები არ ჩნდებიან. დაეხმარა თუ არა სლუცკი ხვიჩას ნიჭის სრულყოფილად გამოვლენაში? ნებისმიერ შემთხვევაში მთავარ როლს თავად მოთამაშე ასრულებს. ყოველდღე მუშაობს, ყოველდღე იხვეწება. უპირველესად, განვითარების პროცესი ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მოთამაშის განვითარებაში მწვრთნელი თავის როლს თამაშობს. დაწყებული ბავშვების მწვრთნელიდან და დამთავრებული ყველასგან, ვინც მასთან მუშაობდა,“ – ამბობს სიომინი.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის თქმით, კვარაცხელიას წასვლა ლიგისთვის დიდი დანაკლისი იქნება:

„მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ხვიჩა სწორ გზაზე დგას. ის აგროვებს პრიზებს, გუნდს ევროთასებზე მოხვედრაში დაეხმარა. ხვიჩა ჩემპიონატის მშვენებაა. ღმერთმა ინებოს, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ბიჭი იყოს, მაშინ ჩვენი ჩემპიონატის რეიტინგი უფრო გაიზრდება. მისი წასვლა ჩემპიონატისთვის დიდი დანაკარგი იქნება. როდესაც ნებისმიერი კარგი მოთამაშე გვტოვებს და მის ადგილას სხვები არ იზრდებიან, ეს ყოველთვის ცუდია. ხალხი ლამაზი ფეხბურთის საყურებლად მიდის და ამისთვის ნიჭიერი და მაღალი ხარისხის ფეხბურთელებია საჭირო“.

სიომინმა ქართველი თავდამსხმელის შესაძლო მომავალზეც ილაპარაკა:

„მზადაა თუ არა ხვიჩა ევროპული საუკეთესო ლიგებისთვის? ეს მისი გადასაწყვეტია. ვუსურვებდი ხვიჩას, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდოს ამ საკითხს, რადგან აქ მოქმედებენ აგენტები, მშობლები – მთელი გარემო. რომელ ჩემპიონატში გადასვლას ვურჩევდი? როდესაც მომმართავს, მაშინ ვურჩევ“.