იურგენ კლოპს მსაჯის მიმართ არაკორექტულ გამონათქვამებში ადანაშაულებენ
იურგენ კლოპს მსაჯის მიმართ არაკორექტულ გამონათქვამებში ადანაშაულებენ

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მსაჯების მისამართით არაკორექტული კომენტარების გაკეთებაში დასდო ბრალი. ვესტ ჰემის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ (1-1), გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მსაჯის ქმედებებზე გავლენა სადიო მანეს მიერ გატანილი გოლის ჩათვლამ იქონია.

ლივერპულმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მანეს მიერ ზუსტი დარტყმის შესრულებამდე, ჯეიმს მილნერი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.

„მითხრეს, რომ მილნერი ოფსაიდში იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მსაჯმაც იცოდა. ხშირ შემთხვევაში, ამ დროს მეორე გუნდის სასარგებლოდ თავისუფალ დარტყმას ნიშნავენ. მსაჯი ცოცხალი ადამიანია და ამ შეცდომამ მის შემდგომ ქმედებებზე დიდი გავლენა იქონია“, – განაცხადა კლოპმა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში აცხადებენ, რომ კლოპის კომენტარი „სათუოს ხდის მსაჯის სამართლიანობას და შეიცავს მინიშნებას მისი მიკერძოებულობის შესახებ“.

ლივერპულის დამრიგებელს ამ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად ვადა 18 თებერვლამდე აქვს.