იურგენ კლოპი ნეიმარს გამოექომაგა
იურგენ კლოპი ნეიმარს გამოექომაგა

„პარი სენ-ჟერმენთან“ გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და პარიზელთა ბრაზილიელ ფორვარდ ნეიმარს გამოექომაგა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ბრაზილიელის სიმულაციებზე, კლოპმა განაცხადა, რომ ნეიმარს სრული უფლება აქვს ისე დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ამას საჭიროდ თვლის.

მიმდინარე წლის ზაფხულში, რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხშირად და ადვილად ეცემოდა მოედანზე, რის გამოც კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა და მოგვიანებით თავადაც აღიარა, რომ მეტოქეთა შეხებაზე ზოგჯერ მართლაც გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, მეც ვუყურე მსოფლიოს ჩემპიონატს და ვიცი, რომ ნეიმარს ზოგჯერ ზედმეტი მოსდიოდა. მიუხედავად ამისა, მე თუ მკითხავთ, სავსებით ნორმალური რეაქცია მგონია ფეხბურთელისგან, რომელზეც მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ნამდვილი ნადირობა აქვთ გაჩაღებული. ის ასე იცავს საკუთარ თავს და მე ეს სავსებით მესმის. თუ მეტოქე ყვითელ ბარათს მიიღებს, ის წითელ ბარათთან უფრო ახლოსაა და უფრო ფრთხილადაც თამაშობს“, – განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გახსნის დღეს, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.