იურგენ კლოპი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - ფეხბურთში რეალიზებული ყველაზე ცუდი იდეა #1TVSPORT
ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა გააკრიტიკა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატი.
„ლივერპულის“ ექს-მწვრთნელს მიაჩნია, რომ ეს ტურნირი მომავალში ცუდად აისახება ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე, რომლებსაც დრო არ ექნებათ აღდგენისთვის.
„ეს ყველაზე ცუდი იდეაა, რაც კი ფეხბურთში ყოფილა რეალიზებული. მე მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ მონაწილეობისთვის არანორმალურ თანხებს იხდიან. მაგრამ ეს ყველა კლუბს არ ეხება. შარშან ზაფხულში იყო კოპა ამერიკა და ევრო 2024. წელს იმართება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, მომდევნო წელს გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელები ვერ შეძლებენ აღდგენას ვერც ფიზიკურად და ვერც მორალურად. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი დიდ ფულს გამოიმუშავებს. მაგრამ, მოდით, ერთი წუთით დავივიწყოთ ეს. NBA-ს მოთამაშეც ბევრ ფულს გამოიმუშავებს და თან ოთხთვიან დასვენებასაც იღებს. ვირჯილ ვან დეიკს მთელი კარიერის განმავლობაში არ დაუგროვებია დასვენებისთვის ასეთი პერიოდი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მსგავსი ტურნირები არ უნდა ტარდებოდეს მოთამაშეთა ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას არავის ვუსურვებ. მეშინია, რომ მომდევნო სეზონში ფეხბურთელები უპრეცედენტო რაოდენობის ტრავმებს მიიღებენ. თუ შემდეგ სეზონში არა, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ან მის შემდეგ“, – განაცხადა კლოპმა.