იურგენ კლოპი - მე უიღბლო მწვრთნელი არა ვარ
იურგენ კლოპი - მე უიღბლო მწვრთნელი არა ვარ

„ლივერპულის“ თავკაცი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მიუხედავად ზედიზედ ექვსი ფინალის წაგებისა, თავს უიღბლო მწვრთნელად არ თვლის და ამ არასასიამოვნო ტენდენციის დარღვევას 1 ივნისს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მატჩში გეგმავს.

ბოლოს გერმანელმა სპეციალისტმა დიდი ტურნირის ფინალი 2012 წელს მოიგო, როდესაც მისმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ გერმანიის თასის გადამწყვეტ მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ 5-2 დაამარცხა. ამის შემდეგ კი იყო ზედიზედ ექვსი წაგებული ფინალი, მათ შორის ორი გერმანიის თასზე, ორი ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი ინგლისის ლიგის თასზე და ერთიც ევროპა ლიგაზე.

„ჩემს კარიერას უიღბლოს ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ჩემი პრობლემა ის არის, რომ ნახევარფინალების მოგებაში მსოფლიოს რეკორდსმენი ვარ. შემიძლია, ამაზე წიგნიც დავწერო, უბრალოდ მას არავინ წაიკითხავს. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. არის უიღბლო და იღბლიანი მომენტები და მე ამას ვერ შევცვლი. იმედი მაქვს, ამჯერად იღბლიანი მომენტის ჯერია“, – ამბობს კლოპი.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტის თავკაცობით წელს „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში 97 ქულა დააგროვა, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდა, რადგან „მანჩესტერ სიტიმ“ ერთით მეტის დაგროვება მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი კი, რომელშიც მერსისაიდელები ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ დაუპირისპირდებიან, 1 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.