იურგენ კლოპი - ეს არის საუკეთესო გუნდი, რომლითაც ოდესმე გავსულვარ ფინალში
იურგენ კლოპი - ეს არის საუკეთესო გუნდი, რომლითაც ოდესმე გავსულვარ ფინალში

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ ფინალში ასეთი კარგი გუნდი არასოდეს ჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, მადრიდის სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ორი ინგლისური გუნდი – „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან.

51 წლის კლოპი აქამდე ორჯერ იყო მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალში და ორივე შეხვედრა მისთვის წარუმატებლად დასრულდა: 2013 წელს მის მიერ გაწვრთნილი დორტმუნდის „ბორუსია“ გერმანულ ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა, 2018 წელს კი, უკვე „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, მან მადრიდის „რეალთან“ წააგო.

ასევე, გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდელები 2016 წელს ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, თუმცა იქაც დამარცხდა – „სევილიასთან“ ანგარიშით 1:3.

„ადრე ფინალში ასეთ კარგ გუნდთან ერთად არასდროს გავსულვარ“, – ამბობს კლოპი, – „არ მიკვირს, რადგან ბიჭების პოტენციალისა და დამოკიდებულების შერწყმა საუკეთესოა, რაც ოდესმე მინახავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს წინა გუნდებს ჩრდილს ვაყენებ. ყველა მათგანმა ყველაფერი დადო მოედანზე და ყველა მათგანი მიყვარს“.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ნაბი კეიტას თამაში გამოირიცხა, თუმცა რობერტო ფირმინო გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კლოპს იმედი აქვს, რომ ის მოედანზე იქნება.

მატჩი შაბათს, 1 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი