„დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველი იულიან ბრანდტი ზაფხულში დატოვებს თავის ამჟამინდელ კლუბს. ამის შესახებ განაცხადა „დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა, ლარს რიკენმა.
„ღია მოლაპარაკებების შემდეგ შევთანხმდით, რომ კონტრაქტი, რომლის ვადა ზაფხულში იწურება, არ გაგრძელდება.
მან რამდენიმე ასეული მატჩი ჩაატარა „დორტმუნდში“. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ მადლიერების გრძნობა უნდა გვამოძრავებდეს იულიანის მიმართ. მან ჩვენთან შვიდი წელი გაატარა და ხანდახან მის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. დღეს მან საკუთარ თავს ახალი მიზანი დაუსახა.
მე ყოველთვის ვაფასებდი მის მიღწევებს. რამდენიმე კვირაში იულიანს 30 წელი შეუსრულდება, ჩვენ შევძლებთ ცოტა სხვა მიმართულებით სვლას, ასე რომ, ეს, შეიძლება, ორივე მხარისთვის ახალი შესაძლებლობა გახდეს“, – განაცხადა რიკენმა Sky Sport-ის ეთერში.
იულიან ბრანდტი „დორტმუნდში“ 2019 წლიდან თამაშობს. ნახევარმცველმა, ჯამში, 297 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.