იტალიური პრესა ფერარის აკრიტიკებს
იტალიური პრესა ფერარის აკრიტიკებს

ფორმულა 1-ის ზამთრის ტესტების შემდეგ, ბევრს ფერარი 2019 წლის სეზონის ფავორიტად მიაჩნდა, მაგრამ ჩემპიონატის პირველი სამი ეტაპი მერსედესის სამი დუბლით დასრულდა. ჩინეთის გრანპრის შემდეგ, იტალიურმა პრესამ ფერარი გააკრიტიკა და მოუწოდა მას, რომ აქცენტი შარლ ლეკლერზე გააკეთოს.

„კარგი იქნება, თუ ფერარიში მიხვდებიან, რომ გუნდში სწორი პილოტი მიიწვიეს და მას შარლ ლეკლერი ჰქვია“, – წერს გაზეთი კორიერე დელა სერა. – „მარანელოში კაპიტნის სამკლავური უნდა ჩამოართვან სებასტიან ფეტელს და გადასცენ შარლს“.

თავის მხრივ, გაძეტა დელო სპორტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუ ფერარი მომავალშიც ასეთი შედეგების ჩვენებას გააგრძელებს, მაშინ მოუწევს ტიტულზე უარის თქმა:

„მსჯელობა იმის თაობაზე, ვინ უნდა იყოს გუნდის ლიდერი, მეორეხარისხოვანია უფრო მნიშვნელოვან პრობლემასთან შედარებით. ჩინეთში ფერარის ბოლიდებმა წააგეს სისწრაფეში მერსედესთან, რომელსაც უკვე სამიდან სამი გამარჯვება აქვს. ეს სერიოზული ნიშანია გუნდისთვის, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს“.