იტალიური მედია „შტურმთან“ კვერნაძის გოლს გამოეხმაურა - ის კვარაცხელიას ძალიან ჰგავს, „ნაპოლი“ მზადაა, საქართველოში ტალანტები მოძებნოს [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიურმა ინტერნეტპორტალმა, calcionapoli24-მა ყურადღება გაამახვილა გიორგი კვერნაძეზე, რომელმაც თურქულ შეკრებაზე გრაცის „შტურმთან“ თავი შესანიშნავი გოლით გამოიჩინა.

ბათუმის „დინამოს“ 19 წლის ახალწვეული „ნაპოლის“ სელექციონერების ობიექტში რომ მოექცა, ამის შესახებ პირველად საქართველოს პირველმა არხმა დაწერა. გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, გასულ სეზონში „თელავში“ იჯარით თამაშობდა, წელს კი ბათუმურ კლუბში გადავიდა.

კვერნაძე – კვარაცხელიას მსგავსი ჯადოქრობა და გიჟური გოლი

„„ნაპოლი“ სატრანსფერო ბაზარზე ქართველ ტალანტს, გიორგი კვერნაძეს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. დე ლაურენტისის კლუბს კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერის გამეორება სურს.

გიორგი კვერნაძე 2003 წელსაა დაბადებული. კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშის შემდეგ „ნაპოლი“ მზადაა, საქართველოში ტალანტები მოძებნოს და ყურადღება ამ ნიჭიერ თავდამსხმელს მიაქცია, რომელიც (სათამაშო სტილით) კვარაცხელიას ძალიან ჰგავს. ის მემარჯვენეა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს, აქვს კარგი დრიბლინგი და კარში დარტყმა.

კვერნაძესა და კვარაცხელიას სხვა ბევრი საერთოც აქვთ – მათ შორის, კლუბი, რომელსაც გიორგი ეკუთვნის. 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ ახლახან გადავიდა და უკვე კარგი თამაშით ბრწყინავს. გრაცის „შტურმთან“ შეხვედრაში მან სუპერგოლი გაიტანა – მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში შეაგდო. ამ გოლმა ნეაპოლში გადასული მისი თანამემამულის თამაში გაგვახსენა“, – წერს ინტერნეტპორტალი calcionapoli24-ი.