იტალიური მედია - „სასუოლოს“ ზაფხულში „დინამო თბილისის“ ნახევარმცველების დამატება სურს #1TVSPORT
იტალიური მედია - „სასუოლოს“ ზაფხულში „დინამო თბილისის“ ნახევარმცველების დამატება სურს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველები ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი სერია A-ს „სასუოლოს“ ინტერესთა სფეროში მოხვდნენ, – ინფორმაციას ვებგვერდი sassuolonews-ი ავრცელებს.

„სასუოლოს“ სატრანსფერო ბაზარი – აქცენტი მექვაბიშვილზე და მოისწრაფიშვილზე

„„დინამო თბილისის“ ქართველი ტალანტები – ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი „სასუოლოს“ ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

კლუბის სკაუტთა ჯგუფი ჰორიზონტსა და საზღვრებს აფართოებს. ბოლო წლებში გუნდმა მკვეთრად შეცვალა საკადრო პოლიტიკა – გზა გაეხსნათ არა მხოლოდ იტალიელებს, არამედ ახალგაზრდა ნიჭიერ უცხოელ მოთამაშეებსაც. ბოლო სეზონებში კლუბმა აჩვენა, რომ სელექციით შეუძლია, გრანდებსაც გაეჯიბროს.

SassuoloNews.net-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „სასუოლოს“ მენეჯერების სამიზნეში საქართველოა – იტალიაში „ნაპოლის“ მარგალიტის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ არ არის გამორიცხული ქართველ ტალანტებს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეთ – „სასუოლო“ ანზორ მექვაბიშვილისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრანსფერით ინტერესდება.

2001 წელს დაბადებული ფეხბურთელები „დინამო თბილისს“ ეკუთვნიან – საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ კლუბს. „სასუოლო“ მომავალი სეზონის წინ მათ შეძენას უმიზნებს.

ანზორ მექვაბიშვილი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელმაც გასულ სეზონში ქართულ ლიგაში 5 გოლი გაიტანა და ეროვნულ ნაკრებში თამაშობს (7 მატჩი). „სასუოლო“ არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც მას აკვირდება.

ამ ახალგაზრდა ტალანტს სხვა იტალიური კლუბებიც ადევნებენ თვალს და, შესაბამისად, შეუძლიათ, „სასუოლოს“ კონკურენცია გაუწიონ. დიდი ალბათობით, ზაფხულში „სასუოლოს“ ნახევარდაცვაში ცვლილებები მოხდება. არის ვარაუდი, რომ კლუბი მაქსიმ ლოპესმა და დავიდე ფრატესმა დატოვონ, ხოლო მექვაბიშვილი ახალი პროექტის ნაწილი გახდეს. თუმცა ამჟამად ამ ტრანსფერის წინაპირობა მომზადებული არ არის.

მარჯვენა შემტევი ნახევარმცველია გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელსაც შეუძლია ასევე გარემარბად თამაში. მან შარშან 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.

ამგვარად, „სასუოლოს“ ობიექტივში ორი ნიჭიერი ქართველია. გუნდი უკვე იწყებს მუშაობას მომავალი სეზონის ტრანსფერებზე – ორ პოტენციურ ახალწვეულს კი საქართველოდან ელიან“, – წერს sassuolonews-ი.