იტალიური მედია - პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელის შეძენას სერია A-დან შეეცდება #1TVSPORT
იტალიური მედია - პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელის შეძენას სერია A-დან შეეცდება #1TVSPORT

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ახლოსაა. წამყვანი ევროპული გამოცემების ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი ზაფხულში ესპანურ გრანდს შეუერთდება.

იტალიური მედიის ცნობით, პსჟ უკვე ეძებს მბაპეს შემცვლელს და ფეხბურთელის დამატებას სერია A-დან აპირებს. როგორც La Repubblica წერს, ფრანგული გუნდი ვიქტორ ოსიმენისა („ნაპოლი“) და რაფაელ ლეაოს („მილანი“) შეძენას შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულება ახლახან გააფორმა, სასურველი თანხის მიღების შემთხვევაში იტალიის მოქმედი ჩემპიონი მას გაყიდის. კონტრაქტით, ნიგერიელის გამოსყიდვა 130 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ლეაოს, პორტუგალიელი „მილანის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ისე ვერ გამოიყურება, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა, თუმცა მის მიმართ ევროპული ფეხბურთის გრანდების ინტერესი არ იკლებს. 24 წლის ლეაოს გამოსასყიდი თანხა 175 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ვიქტორ ოსიმენს რვა გოლი აქვს გატანილი, ხოლო რაფაელ ლეაოს – ექვსი.