იტალიური გამოცემა – „სასუოლო“ და „პარმა“ გოგლიჩიძის შეძენას შეეცდებიან #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით დაინტერესებულ კლუბებს „პარმა“ და „სასუოლო“ შეუერთდა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია – ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
La Nazione
„საბა გოგლიჩიძემ ბარგი უკვე ჩაალაგა. 2004 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელით იანვრიდან რამდენიმე კლუბი დაინტერესდა – „რომა“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ლაციო“, „ბოლონია“, „უდინეზე“, და „პიზა“, მაგრამ ჯერჯერობით, რეალური წინადადებით „ემპოლისთვის“ არავის მიუმართავს. „სასუოლო“ და „პარმა“ ცდილობენ, ამ ვითარებით ისარგებლონ, სხვებს დაასწრონ და ფეხბურთელის შეძენას შეეცადონ. „ემპოლი“ ფეხბურთელს 7-8 მილიონ ევროდ აფასებს და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცდება“.
Quotidiano
„გოგლიჩიძით ბევრი კლუბია დაინტერესებული, „ემპოლი“ მათგან ოფიციალურ წინადადებას ელის, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია. „სასუოლო“ და „პარმა“ კი ცდილობენ, სხვების პასიურობით ისარგებლონ.
ეს მნიშვნელოვანი და ფინანსურად სასარგებლო გარიგება იქნება „ემპოლისთვის“, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი მცველი ქუთაისის „ტორპედოდან“ 450 000 ევროდ შეიძინა, ახლა კი მის ტრანსფერში 7-8 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
იტალიური კლუბი არ ჩქარობს თავისი „ბრილიანტის“ გაყიდვას და სერიოზული აუქციონის მოლოდინშია, ამიტომ გაგვიკვირდება, ახალ სეზონს გოგლიჩიძე კვლავ „ემპოლიში“ თუ დაიწყებს“.