იტალიური გამოცემა - მთავარ გმირად დაბრუნებულ კვარაცხელიას სერია A-ში ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კონტრაქტის გახანგრძლივებისას ყველაფერს გააკეთებს ხვიჩა კვარაცხელიასთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რომელიც ნეაპოლში კვლავ მთავარ გმირად დაბრუნდა – ამის შესახებ წერილს გამოცემა Tuttomercatoweb-ი აქვეყნებს.
„კვარაცხელია ნეაპოლში კვლავ მთავარ გმირად დაბრუნდა, მან „იუვენტუსთან“ „ნაპოლის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა – ხვიჩამ, როგორც ჩანს, თავისი საუკეთესო დღეების ბრწყინვალება დაიბრუნა და ტურინელებთან მატჩში „ნაპოლი“, ფაქტობრივად, ჩიხიდან გამოიყვანა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაზეც სხვადასხვა მედიასაშუალებების შეფასებებიც მეტყველებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს – 23 წლის ქართველ თავდამსხმელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, ის სეზონში ხელფასის სახით 1,3 მილიონ ევროს იღებს. მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სეზონის ბოლოს იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ამჟამად სერია A-ში ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშეებს შორისაა, დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალი ხელშეკრულებით კვარაცხელია გაახაროს“, – წერს Tuttomercatoweb-ი.