იტალიური გამოცემა – კვერნაძე „ფროზინონეს“ მამოძრავებელი ძალა იყო, სტაბილურობის შემთხვევაში კი გუნდის მთავარი შემტევი იარაღი გახდება #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ იტალიის თასზე „იუვე სტაბიასთან“ მატჩში დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემა მიითვალა და „ფროზინონეს“ დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:1) მთავარი როლი ითამაშა, რასაც იტალიური მედია გამოეხმაურა.
სერია A-ს ოფიციალურმა ინგლისურენოვანმა გვერდმა „ადამიანი ობობას“ ფორმაში გამოწყობილი კვერნაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოები გამოაქვეყნა, მინაწერით: „ორი ქართველი მარცხენაფლანგელი, რომლებიც სერია A-ში ბათუმის „დინამოდან“ გადმოვიდნენ“.
Calcio08: „ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ უფრო გააუმჯობესებს თამაშს, სივრცეებს უკეთ აითვისებს, ხაზებს შორის ბურთს უფრო ხშირად მიიღებს და შეტევებს ბოლო ფაზაში ისევე გაამწვავებს, როგორც ეს „იუვე სტაბიასთან“ შეხვედრაში გააკეთა. ამით ის თავის ძლიერ მხარეებს უკეთ გამოიყენებს“.
Frosinone News: „„ფროზინონეს“ რიგებში გმირი ქართველი თავდამსხმელი იყო და მატჩის მთავარი ფოტოც უდავოდ მას ეკუთვნის. კვერნაძე „იუვე სტაბიასთან“ თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდში მონაწილეობდა და გუნდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.
შთამბეჭდავი იყო არა მხოლოდ გოლები, არამედ „ფროზინონეს“ შემტევ თამაშზე მისი გავლენაც. როდესაც კვერნაძე კარისკენ მიმავალ სივრცეს პოულობს, მისი შეჩერება რთული ხდება. ასეთ დროს ის დარტყმასაც ახერხებს და თანაგუნდელებისთვის შანსებსაც ქმნის. თუ იგი სტაბილურობას შეინარჩუნებს, შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთ მთავარ შემტევ იარაღად იქცეს“.