იტალიის ვიცე-პრემიერი და პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი ევროსკეპტიკური ალიანსის ფორმირებაზე ისაუბრებენ
იტალიის ვიცე-პრემიერი და პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი ევროსკეპტიკური ალიანსის ფორმირებაზე ისაუბრებენ

იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი და პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ევროსკეპტიკური ალიანსის ფორმირებაზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ვარშავაში სალვინის ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებია.

Reuters-ი წერს, რომ ევროპის მასშტაბით ევროსკეპტიკოსები გაერთიანებას ცდილობენ, რამაც არჩევნების შემდეგ ევროკავშირის მიმართულება ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს.

ანტი-იმიგრაციული „ლიგის პარტიის“ ხელმძღვანელი მატეო სალვინი აცხადებს, რომ მაისის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია „რეფორმისტული“ ბლოკის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ბრიუსელის ინსტიტუტებს შიგნიდან განაახლებს.

თავად იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, პოლონეთი ევროკავშირის ინფრასტრუქტურული ფონდების ყველაზე დიდი მომხმარებელია და ბლოკში უნდა დარჩეს, თუმცა ვარშავას სურს, რომ წევრმა ქვეყნებმა ბრიუსელიდან მეტი ძალაუფლება მიიღონ.