იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი იგუაინს „დაქირავებულ ჯარისკაცს“ უწოდებს
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი იგუაინს „დაქირავებულ ჯარისკაცს“ უწოდებს

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის თქმით, გონსალო იგუაინი „ფეხბურთის დაქირავებული ჯარისკაცია“.  არგენტინელმა, რომელსაც კონტრაქტი ჯერ კიდევ იუვენტუსთან აკავშირებს, იჯარის წესით ითამაშა მილანში და ახლა ლონდონის ჩელსიში ასევე იჯარის წესით გადავიდა.

„კმაყოფილი ვარ, იგუაინი რომ წავიდა“, – უთხრა ერთ-ერთ იტალიურ რადიოს სალვინიმ, რომელიც მილანის გულშემატკივარია. – „იმედი მაქვს, მილანში მას აღარასოდეს ვნახავთ, რადგან ის უღირსად მოიქცა. პოლიტიკასა და ფეხბურთში დაქირავებული ჯარისკაცების ადგილი არ არის“.

მილანში ჩატარებულ 22 მატჩში 31 წლის არგენტინელმა რვა გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიხედვით, ჩელსი უფლებას იტოვებს სეზონის ბოლოს ფეხბურთელი 36 მილიონ ევროდ შეიძინოს ან იჯარა 2020 წლამდე გაახანგრძლივოს, რაც 18 მილიონი დაუჯდება.

რაც შეეხება მილანს, იგუაინის ნაცვლად ამ გუნდმა კონტრაქტი პოლონელ კშიშტოფ პიატეკთან დააფორმა.

„მომწონს პიატეკი. სხვა დადებითი თვისებების გარდა, მას ევროკავშირის პასპორტიც აქვს“, – განაცხადა სალვინიმ, რომელიც იტალიის მემარჯვენე, ანტიმიგრაციული პარტიის, „ჩრდილოეთის ლიგის“ წევრია.