იტალიის სერია B | ლუკა ლოჩოშვილს ახალი მწვრთნელიც ენდობა - „კრემონეზემ“ გასვლაზე მოიგო #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის სერია B-ს მე-7 ტურში „კოზენცას“ გასვლაზე დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა – 2:1.
ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრების მცველს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა ენდობა და პირველივე წუთებიდან ათამაშებს. ქართველი მცველიც მონდომებული იყო და პირველივე შეტევაზე ყვითელი ბარათი მიიღო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში კრემონელებმა 61-ე წუთზე მიკელე კოლოკოლოს ზუსტი დარტყმით გახსნეს. ორი წუთში მასპინძლებმა წონასწორობა სიმონე მაცოკის გოლით აღადგინეს. „კრემონეზემ“ სეზონში მეორე გამარჯვება 79-ე წუთზე მასიმო კოდას გატანილი გოლით მოიპოვა.
ამ გამარჯვებით „კრემონეზემ“ 7 მატჩის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა.