იტალიის სერია A-ს თასი Trophy Tour-ის ფარგლებში საქართველოშია #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს თასი Trophy Tour-ის ფარგლებში „დინამო თბილისის“ აკადემიას ეწვია, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღონისძიების ფარგლებში აკადემიის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა იტალიის ჩემპიონატის მთავარ ჯილდოსთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. გვეამაყება, რომ აღნიშნული ტიტული 2023 წელს ჩვენი აკადემიის აღზრდილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოიგო“, – წერია „დინამოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თასთან დაკავშირებული ინფორმაცია იტალიურმა საინფორმაციო სააგენტო ANSA-მაც გაავრცელა.
„იტალიის სერია A-ს თასი Trophy Tour-ის ფარგლებში რამდენიმე დღით საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა. თბილისში თასი (რომელიც ყოველწლიურად ენიჭება იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის გამარჯვებულს) სერია A-ს წარმომადგენელმა, მუთაზ შეჰადემ ჩაიტანა. ასევე მოეწყო მატჩი საქართველოში არსებულ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ აკადემიების 11-წლამდელთა გუნდებს შორის“, — ვკითხულობთ იტალიური სააგენტოს ცნობაში.