იტალიის ქალაქ ტრიესტში კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეებმა პორტის ბლოკირება სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

22:21, 18.10.2021

იტალიის საპორტო ქალაქ ტრიესტში პოლიციამ კოვიდპასპორტების გასაპროტესტებლად გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ხელისუფლების მიერ კოვიდპასპორტების დაწესების მოწინააღმდეგეებმა პორტის ბლოკირება სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს მიმართეს.

მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის მთავარ მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის გამოხატვა გააგრძელეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირებისას რამდენიმე ოფიცერი დაშავდა.

ე.წ. მწვანე ბარათები იტალიაში ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა. ქვეყანაში წლის ბოლომდე მოქმედი წესის თანახმად, ე.წ. კოვიდპასპორტის უქონლობის შემთხვევაში, დასაქმებულს გათავისუფლება ან 1 500 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

მსგავსი