იტალიის ქალაქ ბოლონიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 17 ოქტომბრის აქციის დროს მიყენებული ზარალი დაახლოებით 250 000 ევროს შეადგენს
იტალიის ქალაქ ბოლონიაში 17 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს მიყენებული ზარალი დაახლოებით 250 000 ევროს შეადგენს. ამის შესახებ ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებმა დააზიანეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩის ინფრასტრუქტურა, გასაქირავებელი ველოსიპედები და ახალი ტრამვაის ხაზის სამშენებლო მოედანი.
ველოსიპედების გაქირავების კომპანია Ridemovi-ს მონაცემებით, დაახლოებით 25 ველოსიპედი მთლიანად დაიწვა, 100-მდე კი დაზიანდა. კომპანიის ზარალი 60-70 ათას ევროდ არის შეფასებული.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა კომპანია Tper-მა, რომლის წილსაც ნაწილობრივ ქალაქი ფლობს, 50 000 ევროზე მეტი ზარალი განიცადა.
კომუნალური მომსახურების კომპანია Hera, რომელიც გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, მიყენებულ ზარალს დაახლოებით 35 000 ევროდ აფასებს.
დაზიანდა ახალი ტრამვაის ხაზის სამშენებლო მოედანიც. ამ ობიექტისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 000 ევროს შეადგენს.
მედიის ცნობით, იტალიის მთავრობის საგანგებო სხდომაზე, სადაც ქვეყნის ჩრდილოეთ ქალაქებში მომხდარ ძალადობრივ არეულობაზე რეაგირების საკითხს განიხილავდნენ, სხვა საკითხებთან ერთად, კომენდანტის საათის შესაძლო დაწესებაზეც იმსჯელეს.