იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ მმართველ კოალიციაში უთანხმოება თუ არ დასრულდება, თანამდებობას დატოვებს
იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ მმართველ კოალიციაში უთანხმოება თუ არ დასრულდება, თანამდებობას დატოვებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ თანამდებობას დატოვებს, თუ მმართველ კოალიციაში უთანხმოება არ დასრულდება. ამის შესახებ კონტემ სამთავრობო სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ძალას, გააკეთოს არჩევანი და თქვას, აპირებს თუ არა ის სამთავრობო ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა კონტემ.

იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალ „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ შორის მწვავე უთანხმოება მრავალ საკითხზეა, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებით და დამთავრებული იმიგრაციის პოლიტიკით. ორი პარტიის ლიდერები ხშირად საჯაროდ აკრიტიკებენ ერთმანეთს. მათი დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ. არჩევნებში მატეო სალვინის პარტია „ლიგამ“ ხმების 34 პროცენტი მოიპოვა, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კი მესამე ადგილზე გავიდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ორივე პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს თავისი ამოცანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს. ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც იტალია 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სირთულეებს განიცდის, მას ფინანსური ბაზრების მხრიდან ნდობა სჭირდება.

„პოლიტიკურმა ძალებმა, როლებსაც პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა ეკუთვნით, უნდა გააცნობიერონ თავიანთი მისია და პასუხისმგებლობა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უარს ვიტყვი მანდატზე“, – აღნიშნა ჯუზეპე კონტემ.

იტალიაში 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ლიგა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდეს. შეთანხმების თანახმად, ორი პარტიის ლიდერებმა მატეო სალვინიმ და ლუიჯი დი მაიომ უარი თქვეს პრემიერობაზე, რის შედეგადაც მთავრობას ტექნოკრატი ჯუზეპე კონტე ჩაუდგა სათავეში.

დატოვე კომენტარი