იტალიის პოლიციამ რომში 10 ოქტომბერს მომხდარი არეულობის 12 მონაწილე დააკავა
იტალიის პოლიციამ რომში 10 ოქტომბერს მომხდარი არეულობის 12 მონაწილე დააკავა

იტალიის პოლიციამ რომში წინა დღით მომხდარი არეულობის 12 მონაწილე დააკავა, მათ შორის, ულტრამემარჯვენე პარტიის „ახალი ძალის“ ლიდერი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

10 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტის დაწესება გააპროტესტა. დემონსტრანტების ნაწილმა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ოფისთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, ერთი ჯგუფი იტალიის უმსხვილესი პროფკავშირის ოფისში შეიჭრა და დაარბია.

მოგვიანებით, ათობით დემონსტრანტმა რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეჭრა სცადა, სადაც ერთ-ერთი დაშავებული მომიტინგე მოათავსეს. არეულობის გამო, საავადმყოფოს თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, შენობის შიგნით ჩაკეტილიყვნენ.

ზაფხულში იტალიის ხელისუფლებამ კოვიდპასპორტის წარდგენა სხვადასხვა კულტურულ და გასართობ დაწესებულებაში შესასვლელად სავალდებულო გახადა. კოვიდპასპორტში აღნიშნულია მოქალაქე აცრილია, აქვს ნეგატიური ტესტი თუ ბოლო პერიოდში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. გასულ თვეში ხელისუფლებამ კოვიდპასორტები ყველა დასაქმებულისთვის გახადა სავალდებულო.