იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო - შენგელიასა და შერმადინისგან დიდ ხიფათს ველით #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკო - შენგელიასა და შერმადინისგან დიდ ხიფათს ველით #1TVSPORT

ხვალ, 19 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ ევრობასკეტზე გულშემატკივარს თავი ემოციური მოქმედებებით დაამახსოვრა. მან საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინაც ემოციურად ილაპარაკა:

– ესპანეთთან წინა ტურში მძიმე მატჩი გვქონდა. ჩემმა გუნდმა კარგად იბრძოლა, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. ის მატჩი დავივიწყეთ და ახლა საქართველოსთან თამაშისთვის ვემზადებით.

– ქართველებს კარგი გუნდი გყავთ. დიდ ხიფათს ველით შენგელიასა და შერმადინისგან. ისინი მაღალი კლასის კალათბურთელები არიან და რთულია ფარქვეშ მათი შეჩერება. მითუმეტეს, წინა ხაზში რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი გვაკლია.

– ვინ გავა ჯგუფიდან? ესპანეთი, რა თქმა უნდა. ჩვენც ვიბრძვით, საქართველოც კარგი გუნდია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისლანდია და უკრაინა. მათ თამაშიდან და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სამეულში მოხვედრა შეუძლიათ.