იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო სერია A-ს შეწყვეტას ითხოვს
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო სერია A-ს შეწყვეტას ითხოვს

იტალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანაშემწე სანდრა ძამპა გამოვიდა განცხადებით იმის შესახებ, რომ აუცილებელია სერია A-ს გათამაშების შეწყვეტა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო.

„პროტოკოლი, რომელიც სერია A-სთან მიმართებაშია ხელმოწერილი, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სეზონის აუცილებელ შეწყვეტაზე.

როცა ვლინდება ინფიცირებულების დიდი რაოდენობა, ჩემპიონატი უნდა შეწყდეს. ჯერერთი, ფეხბურთელები ვერ თამაშობენ და მეორე – არსებობს სხვების დაინფიცირების რისკი.

იტალიის სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი სტადიონებზე გულშემატკივრების დასწრების კატეგორიული წინააღმდეგია“, – განაცხადა ძამპამ სატელევიზიო ეთერში.

სერია A-ს კლუბ „ჯენოაში“ დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების 14 შემთხვევა. მანამდე, დადებითი ტესტი ჩააბარა „მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

2019-20 წლების სეზონში სერია A-ს გათამაშება მარტში შეწყდა და ივნისში განახლდა ცარიელი ტრიბუნების თანხლებით.