იტალიის გრანპრი დიდი სენსაციით დასრულდა
იტალიის გრანპრი დიდი სენსაციით დასრულდა

სენსაციური და მოულოდნელობით სავსე იტალიის გრანპრი „ალფა ტაურის“ პილოტმა პიერ გასლიმ მოიგო. ფრანგისთვის ეს იყო პირველი გამარჯვება კარიერაში, გუნდმა კი თავისი არსებობის განმავლობაში მეორე გამარჯვება მოიპოვა – პირველი რბოლა 2008 წელს, ასევე იტალიაში სებასტიან ფეტელმა მოიგო. „ალფა ტაურის“ ადრე „ტორო როსო“ ერქვა.

რბოლის სტარტზე პოულის მფლობელმა ლუის ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა, იმ დროს, როცა მისმა თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა ჩააგდო სტარტი და მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მეორე და მესამე ადგილებზე კარლოს საინსი და ლანდო ნორისი გადავიდნენ. ამასობაში, მუხრუჭების პრობლემების გამო, რბოლას სებასტიან ფეტელი გამოეთიშა.

20 წრის განმავლობაში რბოლა მშვიდად მიდიოდა, მაგრამ ყველაფერი კევინ მაგნუსენის გავარდნის შემდეგ შეიცვალა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. დანიელის ავტომობილი პიტლეინზე შესასვლელთან ახლოს გაჩერდა, რის გამოც პიტლეინი ჩაიკეტა, მაგრამ “მერსედესში” იშვიათი შეცდომა დაუშვეს – ჰემილტონს პიტსტოპზე უხმეს. ამ დარღვევისთვის ლუისმა 10-წამიანი ჯარიმა მიიღო.

სანამ ბრიტანელს ჯარიმის მოსახდელად ბოქსებში უხმობდნენ, რესტარტისას ტრასაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა – სერიოზულ ავარიაში მოხვდა „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი. მან მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილა და ბარიერს შეეჯახა, რომელსაც ხანგრძლივი რემონტი დასჭირდა.

რბოლა გარკვეული ხანი გაჩერებული იყო, რის შემდეგაც, სრულფასოვანი სტარტი შედგა, რომელიც ისევ ჰემილტონმა მოიგო, მაგრამ მალე მას პიტლეინზე უხმეს – ნახევარი საათის წინ მიღებული ჯარიმის გამო.

ჰემილტონი ტრასაზე ბოლოსწინა პოზიციაზე დაბრუნდა, ახალი ლიდერი კი გასლი გახდა. მას კვალში საინსი ედგა. ამასობაში, ძრავის პრობლემების გამო, რბოლას გამოეთიშა ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი მაქს ფერსტაპენი.

რბოლის ბოლო ნაწილში ჰემილტონმა მე-16 ადგილიდან მეშვიდე ადგილამდე გაიკვლია გზა და საერთო ჩათვლაში დანაკარგი მინიმუმამდე დაიყვანა, რადგან ფერსტაპენი რბოლას გამოეთიშა, ბოტასმა კი მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ ეტაპამდე ლუისი 47 ქულით უსწრებდა ფერსპატენს, ახლა კი ასეთი სხვაობით უგებს ბოტასს, რომელიც მესამე ადგილზე გადავიდა გენერალურ კლასიფიკაციაში.

რაც შეეხება გამარჯვებისთვის ბრძოლას, ბოლოსკენ საინსი გასასწრებ მანძილზე დაეწია გასლის, ბოლო წრეზე შეტევაზეც გადავიდა, მაგრამ ფრანგმა მაინც მოიგო იტალიის გრანპრი 0.4 წამის უპირატესობით. გასლი ფორმულა 1-ის ისტორიაში რიგით 109-ე გამარჯვებული გახდა. ის პირველი ფრანგია 1996 წლის შემდეგ, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი მოიგო. ბოლოს ეს ოლივიე პანისმა შეძლო.

საინსი მეორეზე გავიდა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ასევე პოდიუმზე მოხვდა ლენს სტროლი – ის მესამე მივიდა ფინიშთან.

მომდევნო კვირასაც ფორმულა 1 იტალიაში დარჩება, ოღონდ რბოლა ისტორიაში პირველად „მუჯელოს“ ტრასაზე ჩატარდება.

დატოვე კომენტარი