იტალიის ფეხბურთელთა პროფკავშირების პრეზიდენტმა და მარიო ბალოტელიმ ჩემპიონატის შეწყვეტა მოითხოვეს
იტალიის ფეხბურთელთა პროფკავშირების პრეზიდენტმა და მარიო ბალოტელიმ ჩემპიონატის შეწყვეტა მოითხოვეს

იტალიის ფეხბურთელთა პროფკავშირების პრეზიდენტი დამიანო ტომაზი გამოვიდა მოწოდებით, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყნის ჩემპიონატი შეწყდეს.

„მოდით, დავასრულოთ ჩემპიონატი! კიდევ რა უნდა მოხდეს? შეაჩერეთ ფეხბურთი!“ – დაწერა ტომაზიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. მისი ადრესატები იყვნენ იტალიის ლიგები, უეფა და ფიფა.

მოგვიანებით, იგივე მოწოდებით გამოვიდა „ბრეშას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი:

„ფული არ უნდა დავაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე მაღლა. უნდა გამოვიღვიძოთ.

მე თქვენზე მეტად მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ თამაში – ეს არის ავტობუსით, მატარებლით და თვითმფრინავით მგზავრობა, ღამის გატარება სასტუმროში. თამაშები ცარიელი ტრიბუნების ქვეშ რომც ჩატარდეს, ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება კონტაქტი სხვა ადამიანებთან.

არ მინდა, რომ დედაჩემი, რომელსაც ყოველდღე ვხედავ, ჩემგან რაიმეთი დაავადდეს. ის ასაკოვანი ადამიანია და არ მსურს მისი ჯანმრთელობით გავრისკო.

საკმარისია, ჯანმრთელობას არ ეხუმრებიან“.