იტალიის ჩემპიონატი, შეიძლება არ დასრულდეს - სკუდეტო არც ერთ გუნდს არ ერგება
იტალიის ჩემპიონატი, შეიძლება არ დასრულდეს - სკუდეტო არც ერთ გუნდს არ ერგება

ცნობილია, რომ იტალიაში ყველა სპორტული ტურნირი კორონავირუსის ეპიდემიის გამო 3 აპრილამდე შეჩერებულია, შესაბამისად შეწყვეტილია ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატი.

ამასთან დაკავშირებით, გაზეთმა La Repubblica-მ განიხილა სერია A-ს 2019-20 წლების გათამაშების დასრულების სამი ვარიანტი.

თუ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების ვადებს გადაწევენ, მაშინ იტალიის ჩემპიონატის ზაფხულში დასრულება მოესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ჩემპიონატი უნდა დაიწყოს რომში, პირველი მატჩი იტალიასა და თურქეთს შორის 12 ივნისს არის დაგეგმილი, შესაბამისად, ევრო 2020-ის დროულად დაწყების შემთხვევაში, სერია A-ს დასრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

სხვა ალტერნატივაა – მაისში მატჩების ჩატარება ყოველ ორ-სამ დღეში, თანაც იტალიის თასის თამაშები ზაფხულში უნდა გადაიტანონ.

ასევე განიხილება ვარიანტი, რომ იტალიის ჩემპიონატი საერთოდ არ გაგრძელდება და ტურნირის საბოლოო შედეგები ცხრილში დღევანდელი ძალთა თანაფარდობით შეჯამდება. ასეთ შემთხვევაში, ჩემპიონად არც ერთი გუნდი არ გამოცხადდება და მხოლოდ ევროთასების საგზურები განაწილდება.

გუნდები, რომლებიც ბოლო ადგილებს დაიკავებენ, არ გავარდებიან სერია A-დან, სერია B-ს ორი საუკეთესო გუნდი კი გადავა მთავარ ლიგაში. ასე რომ, ახალ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 22 გუნდი ითამაშებს.