იტალიელი ვეტერანი „რეინჯერსს“ აფრთხილებს - ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი „მონსტრია“ #1TVSPORT
იტალიელი ვეტერანი „რეინჯერსს“ აფრთხილებს - ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი „მონსტრია“ #1TVSPORT

26 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ნეგრიმ (1997-2001 წლებში „რეინჯერსში“ თამაშობდა) ინტერვიუ მისცა Heraldscotland-ს. იგი გლაზგოელებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას მიაქციონ.

ნეგრიმ შოტლანდიაში დიდი შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც 1997 წელს „პერუჯიდან“ „რეინჯერსმა“ მისი ტრანსფერი 3,5 მილიონ ფუნტად გამოისყიდა; მან პირველ 10 მატჩში 23 გოლი გაიტანა, სეზონი კი 33 გოლით დაასრულა, მაგრამ შემდეგ ტრავმებმა ნიჭის გამოვლენაში ხელი შეუშალა.

51 წლის ვეტერანი თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია ფორმას შეინარჩუნებს, კიდევ უფრო გაუმჯობესდება და თავისი პოტენციალის რეალიზებას შეძლებს.

„ახლა „ნაპოლი“ აჩვენებს ფანტასტიკურ ფეხბურთს, რომლის ყურებაც ძალიან სასიამოვნოა. ნეაპოლელები ბევრ მომენტს ქმნიან და ბევრ გოლს იტანენ. ჩემი თაობის მრავალი ადამიანისთვის არასოდეს ყოფილა და არც იქნება ვინმე, ვინც დიეგო მარადონას შეცვლის. თუმცა, მშვენივრად მესმის, რატომ ეძახიან „ნაპოლის“ გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას „კვარადონას“ და რატომ თვლის ბევრი, რომ ქართველს შეუძლია არგენტინელის მსგავსი სიმაღლეების მიღწევა.

ის შესანიშნავი მოთამაშე და რეალურად „მონსტრია“. ახალგაზრდაა და ამის მიუხედავად, გუნდზე უკვე დიდი გავლენა იქონია. კვარაცხელიას აქვს ძალიან ძლიერი ფეხები, შეუძლია სწრაფად სირბილი და გატანა, უკვე იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავია. მის ანგარიშზე უკვე შვიდი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა. 

მსოფლიო ფეხბურთში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა, რომლებიც აიძულებენ მოწინააღმდეგე მწვრთნელს შეცვალოს ტაქტიკა, რათა მას გაუმკლავდნენ. კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია. ახლა სასურველ გუნდშია, რადგან სპალეტი ახალგაზრდა ფეხბურთელების სწორი აღზრდითაა ცნობილია.

ის არის მარგალიტი და პატარა საგანძური. ახლა განსაკუთრებულია. მომავალში? ახლა არაა სუპერვარსკვლავი. მაგრამ უდავოდ ამომავალი ვარსკვლავია. თუ განაგრძობს განვითარებას და ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ასე კარგად გამოსვლას, მაღალ დონეზე ითამაშებს, – განაცხადა Heraldscotland-თან ინტერვიუში მარკო ნეგრიმ.