იტალიელებს ჯორჯო არმანი შემოსავს, ამერიკელებს „ნაიკი“ - მზადება ტოკიოს ოლიმპიადისთვის [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქვეყნები ოლიმპიადისთვის მზადების ბოლო ეტაპს გადიან. ნაკრებები არჩევენ სამოსის, რომლითაც ისინი იაპონიაში გაემგზავრებიან. რამდენიმე ქვეყანამ ფორმის პრეზენტაცია უკვე მოაწყო.

 

კანადა

კანადელებმა ორიგინალურობა გამოიჩინეს და ოფიციალური სტილის ნაცვლად ე.წ. „სთრით სტაილზე“ ანუ ქუჩის სტილზე გააკეთეს აქცენტი. გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე ისინი ჯინსებითა და ტყავის ეფექტის მქონე ქურთუკებით წარდგებიან.

დიზაინერთა შთაგონების წყარო იაპონური ქუჩის სტილი გახდა. რა თქმა უნდა, სამოსზე დატანილია კანადის სიმბოლო ნეკერჩხლის ფოთოლი, 1964 და 2020 წლები, როცა იაპონიამ ოლიმპიადას უმასპინძლა, ასევე პარიზის აღმნიშვნელი ნახატი, როგორც მომდევნო ოლიმპიადის მასპინძლის.

 

ავსტრალია

ავსტრალიამ ფორმის მწარმოებლის არჩევანის გამო დაიმსახურა კრიტიკა. თავად სამოსი ყველას მოეწონა. ავსტრალიისთვის ტრადიციულ ფერებში ყვითელსა და მწვანეშია და მასზე დატანილია აბორიგენების მიერ შესრულებული ნახატები, გამოსახულია ადგილი სადაც ადგილობრივი ტომები იკრიბებიან, რაც ერთიანობის სიმბოლოა.

მოკლედ ყველაფერი ისეა, როგორც ამას ავსტრალიელები ისურვებდნენ. ერთადერთი რაც გულშემატკივარს არ მოეწონა იაპონური მწარმოებელი კომპანია „ასიქსია“. უკმაყოფილების მიზეზი კი პროვინცია სინცზიანში შექმნილი შრომითი ბანაკებია, სადაც იძულებით ამუშავებენ ადამიანებს და როგორც ჩანს „ასიქსიც“ ჩართულია ამ საქმეში. ადგილობრივი ოლიმპიური კომიტეტი ამტკიცებს რომ ეს ფორმები ჩინეთში არ შექმნილა.

 

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ფორმა, როგორც ყოველთვის „ნაიკმა“ შექმნა. ცერემონიებზე კი გუნდი რალფ ლორენის კოსტუმებით გამოჩნდება. ფორმები შეკერილია ამერიკაში. დიზაინერებმა ეკოლოგიაზეც იზრუნეს, მაგალითად ქურთუკები გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადეს. ტყავის გამოყენებაზე საერთოდ უარი თქვეს.

 

იტალია

იტალიელებს ოლიმპიადაზე არც მეტი არც ნაკლები, ჯორჯო არმანი შემოსავს. მან ეკიპირებაში იაპონური მოტივები იტალიურ სიმბოლოებთან შეაზავა.

იტალიის დროშა წრეში, წარწერები კი ძალიან ჰგავს იეროგლიფებს. სამოსის სარჩულზე იტალიის ჰიმნის ტექსტია დატანილი.

 

მოკლედ, იაპონია ყველასთვის შთაგონების წყარო გახდა, მაგალითად უნგრელების ეკიპირება ძალიან წააგავს კიმონოებს. თავად იაპონელებმა მინიმალიზმი აირჩიეს და გამოიყენეს წითელი და თეთრი, 1964 წლის ფორმას მიამსგავსეს. მაშინ პირიქით იყო, წითელი პიჯაკი, თეთრი შარვალი. ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს ანალოგიური სამოსი ექნებათ