იტალიაში ვარჯიშების განახლებაზე შეთანხმება არ შედგა
იტალიაში ვარჯიშების განახლებაზე შეთანხმება არ შედგა

სერია A-მ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის სპორტის სამინისტროსთან მაისის დასაწყისში ვარჯიშების განახლების თაობაზე, – იტყობინება გაზეთი „ლა რეპუბლიკა“.

რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა კლუბებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც იტალიის ჩემპიონატის განახლებისა და დასრულების სურვილი გამოთქვეს. ამის შემდეგ, კლუბების წარმომადგენლებმა და ფედერაციამ სპორტის მინისტრთან ვინჩენცო სპადაფორასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელმაც შედეგი არ მოიტანა.

გუნდები ვარჯიშების დაწყებას 4 მაისს გეგმავდნენ. სპადაფორამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს მათ გეგმებს, მაგრამ სავარჯიშო პროცესის განახლებაზე ნებართვა მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ გაიცემა.

წყაროს ცნობით, ვარჯიშებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღებენ.