იტალიაში, შეიძლება, „დიდი სლემის“ სერიის მეხუთე ტურნირი ჩატარდეს #1TVSPORT
ჩოგბურთში, შეიძლება, გაჩნდეს „დიდი სლემის“ სერიის მეხუთე ტურნირი, – იტყობინება გაზეთი La Stampa.
გამოცემის ცნობით, იტალიის ჩოგბურთის ფედერაციამ ოფიციალური წინადადებით მიმართა მადრიდის „მასტერსის“ ორგანიზატორებს ტურნირის შეძენის შესახებ დაახლოებით 500 მილიონი ევროს ფარგლებში. ამ გზით იტალიურ მხარეს სურს, ორ კვირამდე გაზარდოს რომის „მასტერსის“ ხანგრძლივობა, რომელიც მადრიდის ტურნირის მეზობლადაა კალენდარში. დღეისთვის ჩატარების ორკვირიანი ვადა აქვს მხოლოდ „დიდი სლემის“ ოთხ ტურნირს – ავსტრალიის ღია პირველობას, როლან გაროსს, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობას.
იტალიის ჩოგბურთის ფედერაციის საბოლოო მიზანია, შექმნას რომში „დიდი სლემის“ მეხუთე ტურნირი, მაგრამ ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა „დიდი სლემის“ კომიტეტის თანხმობა, რომელიც შედგება ოთხივე ჩამოთვლილი ტურნირის ორგანიზატორებისგან, რაც ძალიან რთული იქნება.