იტალიაში საქართველოს მოქალაქე სახლის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე სახლის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების წევრი დააკავა. როგორც იტალიური მედია იუწყება, დაპატიმრებული პირი აპულიას რეგიონში სახლების გაქურდვაში ბრალდებული ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება.

ქალაქ ბარიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავები სამ ბოროტმოქმედს უთვალთვალებდნენ, თუმცა მხოლოდ ერთის დაკავება შეძლეს. ორი ადამიანი მიიმალა.

გამოძიების ცნობით, 40 წლის ნ.ა. ქალაქ ბარის ერთ-ერთ მოედანზე აიყვანეს. მას სულ მცირე ოთხი სახლის გაქურდვაში დასდეს ბრალი. დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. როგორც ცნობილი ხდება, მისი ამოცნობა კარაბინერბმა ერთ-ერთი გაქურდული სახლის მეპატრონის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოს საშუალებით შეძლეს.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკისას მოპარული ნივთები, ასევე ერთი სეიფი და კარის საკეტის გასახსნელად საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს.

პოლიციის ცნობით, კიდევ ორი ბოროტმოქმედის ძებნა გრძელდება.