იტალიაში მამაკაცი, რომელსაც ფოსტის შენობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, პოლიციას ჩაბარდა
იტალიაში მამაკაცი, რომელსაც ფოსტის შენობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, პოლიციას ჩაბარდა

იტალიაში მამაკაცი, რომელსაც ფოსტის განყოფილებაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციას ჩაბარდა. მძევლებს შორის არავინ დაშავებულა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დანით შეიარაღებული 55 წლის ფრანჩესკო ამატო იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რეჯო-ემილიას პროვინციაში ფოსტის შენობაში შეიჭრა და ფოსტის ხუთი თანამშრომელი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით მან ერთი ქალი გაათავისუფლა, რომელიც შეუძლოდ გახდა.

თავდამსხმელი იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინისთან შეხვედრას ითხოვდა. მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად, მამაკაცი სამართალდამცველებს მაინც ჩაბარდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანჩესკო ამატოს ოქტომბერში, კალაბრიული მაფიის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, დაუსწრებლად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. თავდამსხმელის მტკიცებით, მას მაფიასთან კავშირი არ აქვს და მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა.